სულის ტკივილი
ისე მოვდუნდი, როგორც არასდროს,
სულ მთლად მოეშვა სული დაღლილი,
ახლა მე ისევ ველი გაზაფხულს,
რომ გადავისხა სისხლში აპრილი.
გაძარცულ ხეებს როცა შევყურებ,
სულ ვეღარ ვუძლებ დარდის ფორიაქს,
წუთისოფელი– მკაცრი მეურმე ,
სულ აღარ მზოგავს ასე მგონია.
როდემდე უნდა ვზიდო ეს ტვირთი,
ან ეს ცხოვრება რის მაქნისია?
მე ჩემს საბედოს გზაში შევცილდი,
ძლივსღა მივყვები ბილიკს ნისლიანს.
ვეღარ ვპოულობ ადგილს ამ ქვეყნად
უგვანი ბედი რას მიზამს ნეტავ?
ცხოვრების ფსკერზე იცი, რას ვხედავ ?
პაოლოს სისხლს და გრანელის სევდას.
აიშლებიან ისევ ფიქრები,
აისრულებენ ვამპირულ წადილს,
სისხლდალეული, ვიცი, ვიქნები
და წვეთი სისხლით შევხვდები აპრილს.
ისე მოვდუნდი როგორც არასდროს,
სულ მთლად მოეშვა სული დაღლილი,
ახლა მე ისევ ველი გაზაფხულს,
რომ გადავისხა სისხლში აპრილი.
გოჩა ბაჯაძე
No comments:
Post a Comment